რა უნდა ვიცოდეთ კერამიკულ ვინირებზე

ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი ადამიანს ყველაზე მეტად ალამაზებს, ხდის მეტად თავდაჯერებულს და ამასთან, უზრუნველყოფს პირის ღრუს ჰიგიენას. დღესდღეისობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ვინირების პროცედურას, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო – ვინირი ჰგავს ბუნებრივი კბილის მინანქარს, ძლებს 10-15 წლამდე, დიდხანს ინარჩუნებს თავდაპირველ ფერს და, უბრალოდ, საუკეთესოდ აკორექტირებს მცირე დეფექტებს კბილზე.

წაიკითხეთ მოცემული ბლოგი და გაიგეთ ყველაფერი კონკრეტულად კერამიკულ ვინირებზე, შეადარეთ იგი სხვა სახის ვინირებს და გაარკვიეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

რა არის კერამიკული ვინირები?

კერამიკული ვინირები, იგივე ფაიფურის ვინირებია. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის ფირფიტები, რომლებიც კბილის ზედაპირზე მაგრდება და რომლის სისქეც 0.3-0.5მმ შეადგენს. კერამიკული ვინირები გამოიყენება კბილის დეფექტების გამოსასწორებლად – გეხმარებათ ფორმის, ფერის და ზომის კორექტირებისათვის.

კერამიკული ვინირების დადებითი მხარეები

კერამიკული ვინირები კომპოზიტურთან შედარებით უფრო ბუნებრივია და დიდხანს ძლებს. ამასთან, კერამიკულ ვინირებს შეუძლია საღეჭი დატვირთვის კუთხით უფრო დიდხანს გაძლოს. სწორი მოვლით შეგიძლიათ 10-15 წლამდე შეინარჩუნოთ ეფექტი. რაც შეეხება მოვლას – თქვენი პირის ღრუს მოვლის რუტინა დიდად არ შეიცვლება – დღეში ორჯერ გამოხეხვას, პირის ღრუს ირიგატორის გამოყენებასა და 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგიურ კონსულტაციას მოიცავს.

კერამიკის ვინირები არ იწოვს საკვებ პიგმენტებს და მათი მირთმევა ვინირის ფერის შეცვლაზე გავლენას არ ახდენს. კომპოზიტური, ესე იგი, ბჟენით დამზადებული ვინირებისაგან განსხვავებით, კერამიკის ვინირს არ გააჩნია მიკროფორები და ამიტომ მდგრადია ყავის, ჩაის, ღვინის და სხვა ფერადი საკვების მიმართ, რომელიც ბუნებრივი პიგმენტებითაა გაჯერებული.

როგორ ხდება ვინირებისათვის მომზადება?

კბილების პრეპარირება ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაბიჯია ვინირების დამაგრებამდე. ამ დროს გამოცდილი სტომატოლოგი თქვენს კბილს მინიმალური ოდენობის მინანქარს აშორებს. მოშორებული ემალის რაოდენობა მერყეობს 0.3-დან 1.5 მმ-მდე სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით. ის, თუ როგორ მოხდება თქვენი კბილის პრეპარირება დამოკიდებულია თქვენი კბილების განლაგებაზე, თქვენს მოთხოვნებზე ესთეტიკის კუთხით (რამდენად გინდათ, რომ ვინირმა კბილის დეფექტები დაფაროს), კერამიკულ ვინირებს ირჩევთ თუ კომპოზიციურს.

რა ნაბიჯები უნდა გავიაროთ?

ვინირების დამაგრების პროცედურა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს მოიცავს. თუკი გეგმავთ მომავალში ვინირების გაკეთებას, მაშინ აუცილებლად უნდა იყოთ ინფორმირებულები იმაზე, თუ რა ნაბიჯების გავლა მოგიწევთ სასურველი ღიმილის მისაღებად. ესენია:

სტომატოლოგიური კონსულტაცია – კონსულტაციის დროს სტომატოლოგი შეაფასებს თქვენი პირის ღრუს სიჯანსაღეს, რამდენად ხართ მზად ვინირების გასაკეთებლად, შეესაბამება თუ არა ვინირი თქვენს მოთხოვნებსა და მიზნებს, დაგეხმარებათ განსაზღვროთ ბიუჯეტი. კარგი იქნება, თუ კონსულტაციაზე წინასწარ მიხვალთ, მანამ, სანამ უკვე მზად იქნებით ვინირების გაკეთებისათვის. შესაძლოა, კონსულტაციის შემდგომ სურვილი და მიზანი შეგეცვალოთ.

მკურნალობის დაგეგმვა – თუკი აღმოჩნდა, რომ კერამიკული ვინირებია სწორედ ის, რაც თქვენ გსურთ და გჭირდებათ, სტომატოლოგი დაგეგმავს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას;

კბილის პრეპარაცია – ეს კი ყველაზე სერიოზული ნაბიჯია. ამ დროს ხდება კბილის ზედაპირიდან მცირე რაოდენობის მინანქრის მოშორება და სისქის შემცირება. მინანქრის მოშორება აუცილებელია, რათა ვინირები მჭიდროდ მოერგოს კბილს და გადაჭარბებულად მოცულობითი არ გამოჩნდეს. არ შეუშინდეთ ამ პროცესს – პროფესიონალი სტომატოლოგი დარწმუნდება, რომ თქვენი კბილები სიჯანსაღეს არ დაკარგავს!

ციფრული ანაბეჭდების აღება – ანაბეჭდების აღების შემდგომ ისინი იგზავნება ლაბორატორიაში და ციფრული სიზუსტით მზადდება თქვენზე მორგებული ვინირები;

დამაგრება – მას შემდეგ, რაც ვინირები დამზადდება, სტომატოლოგი მათ დამაგრებას იწყებს კბილებზე.

საბოლოო კორექცია – იმისათვის, რომ თქვენთვის პროცესი კომფორტული დარჩეს, სტომატოლოგი საბოლოოდ აკორექტირებს ვინირებს ბუნებრივი იერის მისაღებად

კომპოზიტური ვინირები: კარგი ალტერნატივა

თუკი კერამიკული ვინირები გარკვეული მიზეზების გამო თქვენთვის მისაღები არ არის, მაშინ კიდევ ერთი დამატებითი ალტერნატივა არის კომპოზიტური ვინირები. კომპოზიტური ვინირები დამზადებულია კბილის ფერის კომპოზიტური მასალისაგან (composite resin material).

კომპოზიტური ვინირების პლუსებია ის, რომ ისინი შეიძლება დაგიმაგრდეთ პირველივე ვიზიტზე, რაც დროს დაგიზოგავთ. მათი მოშორება მარტივად შეიძლება, კბილს არ აზიანებს მოშორება, ბევრად უფრო ბიუჯეტური და ხელმისაწვდომია კერამიკული ვინირებისაგან განსხვავებით, ხოლო დაზიანების შემთხვევაში, მათი აღდგენა და შესწორება ბევრად უფრო მარტივია.

შევძლებ ჩემი კბილის დაბრუნებას კერამიკული ვინირების მოხსნის შემდგომ?

ამ შეკითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის: გააჩნია. გააჩნია იმას, თუ რომელი ტიპის ვინირი გქონდათ დამაგრებული, რა დონეზე მოხდა მინანქრის დაქლიბვა ვინირების დამაგრებამდე, როგორ უვლიდით ვინირებს. როგორც წესი, როდესაც მომხმარებლები ვინირებს იხსნიან, დაქლიბული მინანქრის გამო შესაძლოა მგრძნობელობა მკვეთრად გქონდეთ მომატებული. მგრძნობელობა დროთა განმავლობაში შემცირდება, თუმცა თავდაპირველი დისკომფორტი ხშირ შემთხვევაში გარდაუვალიცაა.

თქვენი კბილები გარეგნულადაც იქნება შეცვლილი. მართალია, ვინირების ქვეშ თქვენი კბილები ჯანსაღი უნდა იყოს, მაგრამ ფერი/კონტური შეცვლილი მაინც იქნება. თუმცაღა, ეს ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაა დაქლიბული მინანქარი.

რა მიზეზებით შეიძლება ვერ გავიკეთო ვინირები?

თუკი გაქვთ მკვეთრად გამოხატული ასიმეტრია, სტომატოლოგი, დიდი ალბათობით, ორთოდონტთან გადაგამისამართებთ და ბრეკეტების გაკეთებას მოგთხოვთ. ამასთან, თუკი ღრძილების ანთება გაქვთ, პირველ რიგში, მკურნალობის კურსის ჩატარება მოგიწევთ. თუკი გაქვთ მავნე ჩვევები – როგორიცაა ფრჩხილების კვნეტა, კბილების კრაჭუნი, ყინულის ღეჭვა და ა.შ, მაშინ ვინირები თქვენთვის ნამდვილად არ არის.

შეჯამება

ვინირების გაკეთება მარტივი პროცედურა არ არის – მართალია შედეგი აღგვაფრთოვანებს და ჩვენს ღიმილს ვერ ვიცნობთ, თუმცა აქამდე მისასვლელად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გავიაროთ. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მასალებს, სტერილიზაციას, თქვენზე მორგებულ მომსახურებას, კონსულტაციას და პროფესიონალურ, სანდო რჩევებს, რომლებიც თქვენს მიზნებსა და პრეფერენციებს ერგება.

გაფრთხილება: მოცემული ბლოგი არ არის სტომატოლოგიური რჩევა, რომელზე დაფუძნებითაც მომხმარებელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რიხტერის კლინიკის ბლოგები არის გაცნობითი და ინფორმაციული სახის და არ ემსახურება ადამიანებისათვის რაიმე სტომატოლოგიური რჩევის მიცემას. გთხოვთ, გაესაუბრეთ ექიმს და მიიღეთ თქვენზე მორგებული გადაწყვეტილება!

×